Feedback

PKTV.GE - დავაფასოთ ისინი, ვინც შეგვაყვარა ქართველებს ფეხბურთი, შემდეგ - მესი და დანარჩენები!!!

  /   ნანახია 342 ჯერ

PKTV.GE - დავაფასოთ ისინი, ვინც შეგვაყვარა ქართველებს ფეხბურთი, შემდეგ - მესი და დანარჩენები!!!

დინამო არენაზე დიდი მატჩია - ევროპის სუპერთასისთვის ორი ესპანური გრანდი, "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდება ერთმანეთს. ყველას კარგად ახსოვს, რაც მოხდა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. ჯერ იყო და, ონლაინ გაყიდვას ვერ მოაბეს თავი, მერე სალაროებიდან გაყიდეს და რაც მოჰყვა ამ ყველაფერს, ესეც ყველას კარგად ახსოვს - იმის გამო, რომ ესპანელები და უფრო მეტად არგენტინელი ლიონელ მესი ენახათ, ქართველებმა ერთმანეთს თავ-პირი დაალეწეს. ამის შემდეგ, მესიმ თითქოს ყოყმანი დაიწყო ჩამოსვლაზე, რასაც დიდი აურზაური მოჰყვა - რას ქვია არ ჩამოდისო. არ ჩამოვიდოდა და ნუ ჩამოვიდოდა, იმის იქითაც წასულიყო, სადაც ბრძანდებოდა. საბოლოოდ მაინც ჩამოსვლა გადაწყვიტა და წარმომიდგენია, რა მოხდება სტადიონის შესასვლელებში. ალბათ, უამრავი ქართველი კვლავ დაალეწავს ერთმანეთს თავ - პირს და მესი მესის ყვირილს დაიწყებს...
კი ბატონო, არავინაა ამ ფეხბურთელის წინააღმდეგი, მაგრამ იქნებ ჯერ ჩვენსას ვცეთ პატივი?! მერე რა, რომ დღესდღეობით არ გვყავს მისი დონის ფეხბურთელი ქართველებს? - ხომ გვყავდა? თანაც არაერთი. დიდ დავით ყიფიანზე, მანუჩარ მაჩაიძეზე, ბორის პაიჭაძეზე (აღარაა, მგონი, მეტის ჩამოთვლა საჭირო) აღარ ვისაუბრებ ბევრს, გასული საუკუნის მიწურულსაც ხომ გვყავდა დიდი ფეხბურთელები? - არც აქ დავიწყებ ბევრის ჩამოთვლას, უბრალოდ, ერთ ქართველ კაცს ვახსენებ - გიორგი ქინქლაძე - ფეხბურთელი, რომელზეც მანჩესტერში ლეგენდები დადის დღემდე და "სიტის" მუზეუმში დღესაც სასოებით უფრთხილდებიან "ქინქის" სპორტულ ეკიპირებას. ნუთუ, იმის სანახავად არ ხოცავენ ქართველები ერთმანეთს, რასაც გიორგი ქინქლაძე აკეთებდა წლების მანძილზე? - დღეს მესიმ უნდა გვაჩვენოს მსგავსი სანახაობა ჩვენს თბილისში? - არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ ჯერ ჩვენსას ვცეთ პატივი, შემდეგ სხვას.

განა თენგიზ სულაქველიძე არ იყო, ვინაც დიეგო მარადონას ფეხი არ გაანძრევინა?! განა ლაშა სალუქვაძე არ იყო მცველი, რომელმაც ლიონელ მესი "არ ათამაშა" 90 წუთი?
მე, როგორც რიგით ქართველს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს ფეხბურთი, რომელსაც სწორედ ქინქლაძემ, ჯამარამ, ძმებმა არველაძეებმა შემაყვარეს ფეხბურთი და არა მესიმ, რიკელმამ, ბატისტუტამ და თუნდაც დიეგო არმანდო მარადონამ, მაქვს იმედი, რომ მალე, სულ მალე კვლავ გვეყოლება მსგავსი ფეხბურთელები და სწორედ ისინი შეაყვარებენ ჩემს შვილებს ფეხბურთს...