Feedback

დევნილებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

  /   ნანახია 587 ჯერ

დევნილებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

თამთა კაკაურიძე

 საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს,რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები გაფლანგა, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი "გურია ნიუსთან" ინტერვიუში პასუხობს.

როგორც რეხვიაშვილი ამბობს,  ირმა ნადირაშვილის განცხადება იმ ნაწილში შეესაბამება სიმართლეს, რომ პრობლემურმა კომპანიებმა მართლაც შექმნეს სიძნელეები, თუმცა სამინისტროს ხელმძღვანელობა რომ  ხელს არავის აფარებს და ჩვენი ინიციატივით არის რეაგირებები გაკეთებული, ამას საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობა ადასტურებს.

_ სულ რამდენმა კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არის თუ არა კიდევ სხვა კომპანიები, ნადირაშვილის წარმოდგენილი კომპანიების გარდა?

საუბარია ექვს ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა სამ კომპანიასთან, ეს კომპანიებია: "ნიუ კონსტრაქშენი", "NBG" და "ტრანსმშენი". სულ ხელშეკრულების ღირებულება 10  212 000 ლარი. ამ ხელშეკრულებებიდან შპს "ტრანსმშენს", ვაზიანში, ხელშეკრულების ღირებულებით 2 მილიონ 418 ათასი ლარი სრულად აქვს შესრულებული სამუშაო.

ორმა კომპანიამ, "ნიუ კონსტრაქშენმა", "NBG"-მ  არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. როგორც კი ეს გამოვავლინეთ, ორივე კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებში გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

 "NBG"-ს  ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული, მათთან ერთად, პასუხისგებაში მიცემულია სამინისტროს თანამშრომლები - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თემურ მაღალდაძე და სპეციალისტირატი სვანიძე.

_ 10 მილიონ 212 ათასი ლარიდან რა თანხის სამუშაოა შესრულებული და რა თანხაა დაბრუნებული ბიუჯეტში?

  _ 10 მილიონ 212-დან არის 5 მილიონ 520 ათასი ლარის სამუშაო შესრულებული. ბიუჯეტში დაბრუნდა 2 149 429 ლარი; დასაბრუნებელია 2 553 118 ლარი, რის გამოც, დღეს სამინისტროს  სასამართლო დავები აქვს ამ კომპანიებთან.

იმ ობიექტებზე, სადაც შეჩერდა სამუშაოები,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით ზუსტად დადგინდა ამ ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები და რაც ჰქონდათ შესრულებებში  დაფიქსირებული თანხები უფრო ნაკლები გამოუვიდათ დანახარჯი, ამან გამოიწვია დასაბრუნებელი თანხის  გაზრდა.

მათ შორის არის "NBG"-ს ვაზიანის ობიექტი, რომლის საგარანტიო თანხა სრულად დაბრუნდა - 1 მილიონ 622 ათასი ლარი. ასევე დაბრუნებულია "ნიუ კონსტრაქშენის" ნიკეას ობიექტის თანხა 526 ათასი ლარი.

პრობლემური ობიექტები რაც არის, მაგალითად, რკონში, დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტროს.  აქ  1 მილიონ 100 ათასიანი ხელშეკრულებიდან მხოლოდ 177 ათასია შესრულებული. დასაბრუნებელია  917 ათასი ლარი, რაზეც ვდავობთ.

_იმ ობიექტებზე, სადაც კომპანიების ბრალეულობით შეწყდა სამუშაოები, როგორ გააგრძელებთ მუშაობას?

_ ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ობიექტზე ხელახალი ტენდერი ახლა იწყება, გამოვლინდება გამარჯვებული და გაგრძელდება სამუშაოები. რაც შეეხება ავტომშენებლის სამუშაოებს, გამიჯნულია შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები, ახალი ტენდერით გამოვლენილია კომპანია შპს "დავითი". მან გააგრძელა სამუშაოები და ივლისში უნდა ჩაგვაბაროს ეს ობიექტი სრულყოფილად.

_ კიდევ თუ არის ობიექტი, სადაც სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს?

ამ ეტაპზე რაც გვაქვს  მოქმედი ხელშეკრულებები, აბსოლუტურად ყველაზე საავანსო, საბანკო გარანტიები არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესრულებული სამუშაოს  ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მოხდეს კონკრეტული საბიუჯეტო  თანხების გადარიცხვა. ამასთანავე, საბანკო გარანტიების ვადებიც მკაცრად  გაკონტროლებულია.  ახლა დაიწყო ქუთაისსა და ზუგდიდში დიდი მშენებლობები, მაგრამ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგიც შესაბამისია.

ჩვენ ეს პრობლემები დაგვხვდა და კარნახის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგამოძიებო ორგანოებს შეესწავლათ.

_ ანუ თქვენც ამბობთ, რომ ეს ხელშეკრულებები მინისტრ დარახველიძის პერიოდშია დადებული?

_ დიახ, წინა პერიოდშია დადებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა პერიოდიდან შესრულებული სამუშაოები სასურველი იქნებოდა  უფრო მაღალი სტანდარტის ყოფილიყო. 2014 წლის აგვისტოდან ამის მონიტორინგი ძალიან მაღალ სტანდარტზეა. რადიკალურად განსხვავებულად არის მენეჯმენტი დალაგებული. ობიექტს ისე არ ვიბარებთ, თუ მშენებლობის ხარისხი,  შესაბამისი ექსპერტიზით არ არის დადასტურებული. საბოლოო ანგარიშსწორებას ჩვენ ისე არ ვახდენთ, თუ დოკუმენტალურად არ არის გამყარებული ყველა მოცულობის შესრულება.

_  რამდენი ობიექტი გაქვს 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ჩაბარებული და რამდენია უახლოეს მომავალში ჩასაბარებელი?

_ ძალიან ბევრ ობიექტზე მიდის მუშაობა. არის გამგეობებთან თანადაფინანსებით განსახორციელებელი პროექტები, რეაბილიტაციები, ახალი  მშენებლობები. ამ წუთში ციფრობრივად არ მაქვს მონაცემები, თუმცა, შემიძლია ესეც მოგაწოდოთ.

მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, 17-ია. დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, 13.

ამავე თემაზე:

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=1769