Feedback

თემურ ბასილია: შეუძლებელია ინტერპოლს ჩემთვის ერთი მექანიზმი და ადეიშვილისთვის სხვა მექანიზმი ჰქონდეს

  /   ნანახია 889 ჯერ

თემურ ბასილია: შეუძლებელია ინტერპოლს ჩემთვის ერთი მექანიზმი და ადეიშვილისთვის სხვა მექანიზმი ჰქონდეს

29.04.2015

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილიამ, რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა, როდესაც გამოთქვა ეჭვი, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების თანხმობით შეწყვიტა.
როგორც საზოგადოებას ახსოვს, ინტერპოლის გადაწყვეტილების ოფიციალური საფუძველი ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის შესახებ იყო ის, რომ ექსმინისტრს ერთ-ერთმა ქვეყანამ თავშესაფარი მისცა.
რა არგუმენტებს ემყარებოდა თემურ ბასილიას განცხადება და რატომ არ ხსნის მასზე ინტერპოლი წითელ ცირკულარს, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი ჯერ კიდევ 2011 წელს მიანიჭა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი,“ თემურ ბასილიას შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა: 

-თქვენ ახლო წარსულში განაცხადეთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ შეწყვეტდა. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს ?
ამის საფუძველს მაძლევს ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან მიღებული წერილი. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მივმართე ინტერპოლს ჩემი ამერიკელი იურისტების მეშვეობით. გვქონდა რამდენიმეთვიანი მიმოწერა და ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდა წინააღმდეგი, რომ ინტერპოლს ამოეღო ჩემი გვარი ძებნილთა სიიდან. 
ამ წერილში ინტერპოლმა დეტალურად აღწერა ძებნილთა სიაში პიროვნების ჩასმის და იქედან მისი ამოღების პროცედურა, საიდანაც ნათელი იყო, რომ ეს მათ კომპეტენციას აღემატებოდა და მთლიანად იყო საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ საქართველოს პროკურატურისა და ინტერპოლის ეროვნული ბიუროს პროროგატივა. ამ უკანასკნელის დასახელებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს, ინტერპოლის ეროვნული ბიურო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფია. 
შეუძლებელია ინტერპოლს ჰქონდეს ერთი მექანიზმი ჩემთვის და სხვა მექანიზმი ადეიშვილისთვის. ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩემგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისცეს დასტური ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების თაობაზე. 
ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც უცხოელები საუბრობენ ხელისუფლებაზე ისინი გულისხმობენ სახელმწიფო უწყებების საშუალო რგოლის წარმომადგნელებსაც. ამიტომ, სრულებითაც არ არის სავალდებულო ჩემზე ძებნის გაგრძელების ან ადეიშვილზე ძებნის შეწყვეტის თანხმობის მიმცემი ყოფილიყო რომელიმე მინისტრი ან მთავრობის წევრი - ეს შეიძლება ყოფილიყო პროკურატურის წარმომადგენელი ან ინტერპოლის ეროვნული ბიურო, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაა.

-რაც შეეხება პირადად თქვენს შემთხვევას, მკითხველს რომ შევახსენოთ, როდიდან იმყოფებით ინტერპოლის წითელ ცირკულარში და როდის მოგანიჭათ თავშესაფარი ამერიკის შეერთეულმა შტატებმა?

საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წლის მარტში გამოაცხადა ჩემზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლისა და დსთ-ს ქსელით. ხოლო, აშშ-ის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი, 2011 წლის მაისში მომანიჭა. 

-მას შემდეგ, რაც თქვენ შტატებმა თავშესაფარი მოგანიჭათ, მიმართეთ თუ არა რაიმე სახის ქმედებებს, რომ ინტერპოლს ცირკულარიდან ამოეღო თქვენი პერსონა და თუ მიმართეთ, რა შედეგით დასრულდა?

რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მივმართე ინტერპოლს ჩემი ამერიკელი იურისტების მეშვეობით. გვქონდა რამდენიმეთვიანი მიმოწერა და ბოლოს მივიღეთ პასუხი, რომ ინტერპოლის ცენტრალურმა ოფისმა ჩაატარა კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან და რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდა წინააღმდეგი რომ ინტერპოლს ამოეღო ჩემი გვარი ძებნილთა სიიდან. როგორც ჩემს მიმართ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდნენ, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს არა აქვს უფლება-მოსილება დამოუკიდებლად შეწყვიტონ პირზე ძებნა.
ამავე წერილში ინტერპოლის ცენტრალურმა ოფისმა შემომთავაზა მექნიზმი, რომლითაც დაცული იქნებოდა ჩემი უსაფრთხოება საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს. 
-ლოგიკურად, გამოდის, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების ნება იქნება, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ უკვე თავშესაფარი გაქვთ, ინტერპოლმა ძებნა შეიძლება თქვენზეც შეწყვიტოს

როგორც უკვე გითხარით, ინტერპოლის ქსელით ძებნას აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება, კერძოდ, ქვეყნის პროკურატურა და ინტერპოლის ეროვნული ბიურო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაა და ძებნის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებასაც ეს ორგანოები იღებენ და არა ინტერპოლის ცენტრალური ოფისი. აქედან გამომდინარე, სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩემი ძებნილთა სიიდან ამოღების თაობაზე.
საერთოდ, ძებნა ცხადდება იმ მიზნით, რომ დადგინდეს ძებნილი პირის ადგილსამყოფელი. ჩემი ადგილსამყოფელი კარგა ხანია ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის - მე არასოდეს დამიმალავს, რომ ვცხოვრობ აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, ჩემს ე.წ. „ძებნასაც“ არა აქვს რაიმე აზრი. როგორ შეიძლება ხელისუფლება „მეძებდეს“ და მე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე ვხვდები ვაშინგტონში 

-თქვენი აზრით, რატომ არ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ თემურ ბასილიაზე ძებნა შეწყდეს?
მალე თერთმეტი წელიწადი გახდება, რაც არ ვყოფილვარ საქართველოში და არ ვიცი ხელისუფლების შეგნით რა დინებებია. ამიტომაც, გამიჭირდება ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა.