Feedback

pres-cavcasia.ge , ზაქარია როჭიკაშვილი - საქართველოს ბანკები _ მევახშეები თუ თაღლითები?!

  /   ნანახია 1553 ჯერ

pres-cavcasia.ge , ზაქარია როჭიკაშვილი - საქართველოს ბანკები _ მევახშეები თუ თაღლითები?!

დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესი, საბანკო ბიზნესია. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს და შვეიცარიასაც კი შეშურდებოდა ასე განვითარებული საბანკო ბიზნესი. საითაც გაიხედავ, ყველგან წამოჭიმულია დიდი თუ პატარა ბანკების ოფისები. ძირითად ფონს საკრედიტო პოლიტიკაში ქმნიან ისეთი ბანკები როგორებიცაა: ს.ს. საქართველოს ბანკი; ს.ს. თი ბი სი ბანკი; პროკრედიტ ბანკი; ქართუ ბანკი; ბაზის ბანკი; ბანკი რესპუბლიკა; ტაო პრივატ ბანკი; ბაზის ბანკი; შავი ზღვის ბანკი; თურქული ბანკი; სახალხო ბანკი; ვითიბი ბანკი; და ასე შემდეგ _ მრავალი სხვა ათასი ჯურისა და წარმოშობის საეჭვო საფინანსო და საინვესტიციო ჯგუფები და ორგანიზაციები. რა ჩამოსთვლის მათ უგრძეს სიას....

ისმის კითხვა: 1. რა საჭიროა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამდენი საფინანსო და საინვესტიციო საწარმო? 2. რაში დებენ ასე გაცხარებით ინვესტიციებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი, 20 წელზე მეტია, უდრის მინუს უსასრულობას? 3.  რას აფინანსებენ, როცა საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მუდმივად ჩანაგდება ეკონომიკა, იხურება საწარმოები, იხურება სამკურნალო დაწესებულებები, მოშლილია და საბოლოოდ იშლება სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, დანგრეულია ფაბრიკა ქარხნები, დანგრეულია საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, აღარ არსებობს მეცნიერება, აღარ იქმნება ხელოვნების ღირებული ნიმუშები, დანგრეულია სპორტი, მოშლილია ტურიზმი,  დაკარგულია ტერიტორიის 20-25%, დ.ა.შ. 4. საიდან ფინანსდებიან აღნიშნული ორგანიზაციები და საიდან ღებულობენ იმ მზარდ მოგებებს, რომლითაც წლიურ ბალანსებში აჩვენებენ და თავს წარმატებულ ბიზნეს-პროექტებად წარმოაჩენენ? შესაბამისად, საახალწლოდ, მათი მმართველები ერთმანეთს რეიტინგის მიხედვით აჯილდოვებენ წარმატებული ბიზნესმენის საპატიო ტიტულებით? 5. სად იმალება აღნიშნული ბიზნესის წარმატების გასაღები? 6. რატომ არის დღეს მთავრობის მიერ ამრიგად წახალისებული აღნიშნული ბიზნესი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი აუცილებლად შეიტანს გარკვეულ ნათელს საბანკო სისტემის ბურუსით მოცულ საქმიანობაში. მაშ ასე, შევეცადოთ გავშიფროთ ზემოაღნიშნული რებუსი:

ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა, საქართველოს გულწრფელმა სწრაფვამ დასავლეთისკენ, მისმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ (საქართველო მსოფლიო კულტურის ჭიპშია მოქცეული), მისმა უდიდესმა საკურორტო თუ სატურიზმო პოტენციალმა, აგრეთვე წიაღისეული სიმდიდრეების, ლანდშაფტისა და რელიეფის საკმარისზე დიდმა მრავალფეროვნებამ და მიმზიდველობამ, ქართული კულტურის მსოფლიო კულტურის სათავეებთან დგომამ, დ.ა.შ. გამოიწვია დასავლეთის ბიზნესსფეროების გაცხოველებული ინტერესი და ფრთხილი, მაგრამ ჯიუტი სწრაფვა საქართველოსკენ. რაც მტკიცდება მათი გამოსვლებით სხვადასხვა ბიზნესფორუმებსა და სემინარებზე. შედეგად, საქართველო ჩაერთო ერთიან მსოფლიო საბანკო-საინვესტიციო ფერხულში. მსოფლიო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვადასხვა დახმარებითმა თუ დაპყრობითმა ფინანსურმა კორპორაციებმა დაიწყეს საქართველოს თანდათანობითი ათვისება ჯერ სიფრთხილით, ხოლო ნაციონალების მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებული მონდომებითა და აგრესიულობით. ქართულ საბანკო სისტემაში დიდი სახსრების ჩადება მათ კიდევ უფრო გააძლიერეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. მაშინ, როცა ევროპასა და ამერიკაში მძვინვარებდა კრიზისი და წესით, საქართველოსთვის არავის სცხელოდა. რაშია საქმე? პასუხი მარტივია:
საქართველოს მოსწვდა მსოფლიო კრიზისის საცეცი _ დაეცა ფასები კერძო საკუთრებაზე, მასიურად იმატა უმუშევრობამ და კერძო ბანკებმა, მსოფლიო კრიზისის მომიზეზებით, დაიწყეს კრედიტორებისგან ვალების უპირობო ამოღება. მრავალი სამშენებლო კომპანია თუ კერძო პირი, იძულებული გახდა, კრედიტები დაეფარა აშენებული თუ მშენებარე ბინებით, უძრავი ქონებით, ჩალის ფასად.  ბანკებმა სწრაფად აუღეს ალღო მათ მიერვე შექმნილ სიტუაციას და დიდი მოგებაც ნახეს უბრალო მოსახლეობიდან. კერძოდ, სხვადასხვა ბანკების კრედიტოფიცრები გამოჩნდნენ მაღაზიებში, ბაზრობებზე, დაარსდა უამრავი ფილიალი და დაიწყეს არამყარი სამუშაოს და არამყარი ფინანსური მდგომარეობის პირებზე, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, სამომხმარებლო სესხების, საკრედიტო ბარათების, მიკრო ბიზნესსესხებისა  და სხვადასხვა საბანკო პროდუქტის კაბალური საპროცენტო განაკვეთებით გაცემა. ამას დაერთო საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე კრიზისის მომიზეზებით, ხელფასების შემცირება, დაგვიანება ზოგჯერ რამდენიმე თვითაც, და რაც მთავარია, შტატების შემცირება ბევრ დაწესებულებაში. მოსახლეობა დარჩა დაუცველი ბანკების წინაშე. შედეგად, მივიღეთ უფრო მეტი უსახლკარო, უმუშევარი, გადახვეწილი საზღვარგარეთ, გახშირდა თვითმკვლელობები, მოიმატა უიმედო მდგომარეობაში მყოფთა რიცხვმა და ა. შ. 

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ნაციონალურ-ანტიეროვნული მთავრობა?

არაფერს. თითქოს ვერ ამჩნევს ბანკების თავგასულობას. პირიქით, თვლის რა აღნიშნულ საბანკო ბანდიტიზმს საქართველოს ეკონომიკის წარმატებად, ყველანაირად ახალისებს ბანკების მიერ მოსახლეობის ძარცვას. შედეგი გასაოცარია: საბანკო კაბალით დამორჩილებული მოსახლეობა ჩაფრენილია მწირ ხელფასს და აღარ სცალია, თვალი ადევნოს საქართველოს მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკას. სამსახურის დაკარგვით დაშინებული ადამიანი ხომ შეუძლებელია ქუჩაში გამოიყვანო? აღსანიშნავია, რომ ყველა სამომხმარებლო სესხი გაცემულია საგარანტიო წერილით, სამუშაო ადგილიდან მაგრამ, სამსახურის დაკარგვის შემდგომ, ყოფილი სამუშაოს მიმცემი არაფრით აგებს პასუხს ყოფილი თანამშრომლის საბანკო პასუხისმგებლობაზე და იგი პირისპირ დაუცველი რჩება ხახადაღებული ლომის _ ბანკის წინაშე. 

 ისტოროული ექსკურსი მკითხველისთვის: ირლანდიის პარლამენტის გამოცდილება ანალოგიურ სიტუაციაში. 
გასული საუკუნის 70-იან წლებში ირლანდიაში კრიზისის პერიოდში მოხდა ანალოგიური შემთხვევა; კერძოდ, მთავრობაში დაინტერესდნენ საყოველთაო აპათიისა და უმუშევრობის ფონზე, ლოთობის გახშირებული შემთხვევებით. სპეციალურმა კომისიამ გამოკითხვების შედეგებით დაასკვნა, რომ მოსახლეობაში ლოთობის ძირითადი მიზეზი პირდაპირ კავშირში იყო უახლოეს წარსულში ბანკების მიერ მოსახლეობაზე ადვილი სესხების გაცემასთან. უმუშევრობის ზრდამ გამოიწვია კრედიტების ვერგასტუმრების საშიშროება უმუშევართა შორის. მოსახლეობა ჩავარდა პანიკაში, რამაც გამოწვია უიმედობა და შედეგი _ ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, გაზრდილი დამნაშავეობა და ა.შ.  აღნიშნულზე იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: გასტუმრებულ იქნას უმუშევართა საბანკო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და ბანკირებს მიეთითოთ, გაამკაცრონ საგარანტიო პირობები კერძო პირებზე სესხის გაცემისას. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დაცულ იქნა ბიზნესიც და პატიოსანი გადამხდელის უფლებაც. ნეტა, თუ ინტერესდებიან ჩვენი ხელისუფლების დასავლეთწყალდალეული მესვეურნი მართვის ევროპული გამოცდილებით? და თუ ინტერესდებიან, რა დასკვნები გამოაქვთ? ყველაფერი მარტივი გენიალურია. კომენტარი თქვენთვის მოგვინდია, მკითხველო.