Feedback

PKTV - გიგა ლელაძე: მინიმალური პენსია, ისიც დამადლებული...- ინტერვიუ პენსიონერ ჟუჟუნა გოგუაძესთან

  /   ნანახია 493 ჯერ

PKTV - გიგა ლელაძე: მინიმალური პენსია, ისიც დამადლებული...- ინტერვიუ პენსიონერ ჟუჟუნა გოგუაძესთან

გაგრძელებულ-შემოკლებული შესავალი

საქართველოში რომ უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ამაზე ალბათ ყველა დამეთანხმება. მოუწესრიგებელი და დაუბალანსებელია თითქმის ყველაფერი. ალბათ აღარცკი ახსოვთ, უკვე რამდენი წელია მუშაობენ საკითხზე, რომელიც, შესაძლოა, აღელვებს, ანერვიულებს და აშფოთებს ქართველ ხალსხს - ეს არის სოციალური დახმარების მიღების კრიტერიუმები. ვერა და ვერ დააზუსტეს, თუ რაა განმსაზღვრელი იმისა, დაენიშნება თუ არა ოჯახს სოციალური დახმარება, და უარესიც - ყველა შიშშია, აქაოდა, ემანდ ვინმეს არ მოგეპრიანოთ და დახმარება არ მომიხსნათო. ამ საკითხზე გაცილებით დიდ პრობლემად რჩება პენსიები საქართველოში. არ ვაპირებ გაკადნიერებას და შვეიცარიაზე ან სხვა რომელიმე ძლიერ ევროპულ ქვეყანაზე შედარებას, მაგრამ, პრინციპში, რატომაც არა? უკუგება, რომელზეც საუბარი მიდის, დასაფიქრებელია. დღეს გვაქვს სტუაცია, როცა ადამიანთა უმეტესობა უმუშევარია. სრულიად ჯანმრთელი და მრავალი შესაძლებლობების მქონე ადამიანები უმუშევრები არიან, თორემ გასულ საუკუნეში ძნელად საპოვნელი იყო ადამიანი, რომელიც არ მუშობდა. ასე რომ, ადამიანები, რომელთაც პენსია ასაკობრივად ეკუთვნით, ბევრიც აქვთ ნაშრომი. შესაბამისად, ბიუჯეტშიც შედიოდა მათგან თანხა და როგორ შეიძლება მინიმალურ პენსიაზე აწუწუნო? ფინანსისტების გამოანგარიშებით, ადამიანს მხოლოდ კვებისთვის დაახლოებით 2-ჯერ მეტი სჭირდება, ვიდრე პენსია ეძლევა. სრულიად შესაძლებელია, სწორად დაბალანსების შემთხვევაში, მოიმატოს პენსიამ, მაგრამ არა. ბევრს მუშაობენ ამ საკითხზე შესაბამისი სამსახურები და ამ ''ღვაწლისთვის'' პრემია და დანამატი ხომ უნდათ მათ? ლარის კურსი ეცემა, პროდუქტები ძვირება და პენსიონერი მაინც ნანატრ სექტემბერს ელოდება, როცა მთელი 10 ლარით პირდებიან მათი ყოველთვიური შემოსავლის ''გაზრდას''!. საკითხავია, ამ ''ლეგენდარულ'' 10 ლარს ექნება კი ის მაგიური ძალა, პოზიტივისკენ შეცვალოს დაუცველი ადამიანის მძიმე სოციალური ფონი დღევანდელ საქართველოში?

მოკლედ, პენსიონერებისთვის მდგომარეობა უარესდება. ჯერ ხომ ისედაც მიზერი აქვთ პენსია, ამას ზედ ერთვის, „ლიბერთი ბანკის“, რბილად რომ ვთქვათ, მათდამი არაჰუმანური მოპყრობა. თუკი პენსიონერი წინასწარ სესხის სახით აიღებს რამოდენიმე თვის პენსიას, პრაქტიკულად, წილში უჯდება აღნიშნული ბანკი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვა ბანკის ყოფნის შემთხვევაშიც არ შეიცვლებოდა ბევრი რამ, რამეთუ საბანკო სისტემა საქართველოში არცთუ გამართულია და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს მხოლოდ.

მოკლედ, შესავალი გამიგრძელდა. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენთან პენსიონერი, საკმაოდ დიდი დამსახურების მქონე, ქალბატონი ჟუჟუნა გოგუაძე მოვიდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

 

გასეირნება წარსულში...

 

- ჟუჟუნა გოგუაძე, დაბადებული 1938 წელს, ადამიანყოფილი, რადგან ფუნქცია არა მაქვს. ფული მე არ მაქვს და ჭკუას არავინ მეკითხება. ესე იგი ფუნქცია არ გამაჩნია. მაგრამ მაინც მოაზროვნე არსება ვარ, ამიტომ მაინც ვაკეთებ ჩემს გათვლებს. განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ დავიწყე საკუთარი გამოცდილებიდან, საკუთარ თავზე პენსიონერის პრობლემების  შესწავლა. ყველაფერი ფურცელზე გადმოვიტანე.

- მაინც სად მუშაობდით, ქალბატონო ჟუჟუნა?

- ეს დიდი ხნის წინათ იყო - სად არ მიმუშავია. ვმუშაობდი ქალაქის საბჭოში, ახლა რომ მერია ჰქვია, კომუნალური მეურნეობის სამინისტროში, შახტმშენში, სხვათაშორის, კაზრეთის გამამდიდრებელი კომბინატი ჩემმა ტრესტმა ''შახტმშენმა'' ააშენა და მეც მიმიძღვის წვლილი. ძალიან კარგად ვიცი მე კაზრეთის პრობლემები.

განათლებით ინჟინერი ვარ, ინჟინერ-შახტმშენებელი. მთელი ცხოვრება ინჟინერ-ეკონომისტად ვმუშაობდი და კვალიფიკაცია ეს მაქვს. ძალიან კარგად ვიცი კაზრეთის პრობლემები. პრემიების და პენსიის პრობლემა აქ კი არაფერ შუაშია, მაგრამ ყველაფერი ჯაჭვურად უკავშირდება ერთმანეთს. ჩვენ მაშინ მივიღეთ ძალიან დიდი პრემიები. დაახლოებით სამი თვის ხელფასები.

- და რომელი წლები იყო?

- ეს იყო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. სწორედ მაშინ გაუშვეს მადნეულის გამამდიდრებელი კომბინატი. ჩვენ მივიღეთ სამი თვის ხელფასი. ეს ძალიან დიდი თანხა იყო, მაგრამ თითოეული ადამიანი, რომელიც იქ მუშაობდა, ღამეებს ათევდა. თუ ყველას ნიჩაბი არ გვეკავა ხელში, სამაგიეროდ ყველაფერი ზუსტად გვქონდა გათვლილი და დიდ სამუშაოსაც ვასრულებდით,  რომლის გამოც ეკონომია კეთდებოდა და ამის შედეგად ვიღებდით ჩვენ პრემიას.

- პრემია, მეცამეტე ხელფასის პრინციპით თუ როგორ?

- არა, ეს იყო ერთ კონკრეტულ მშენებლობაზე, გადამეტებული სამუშაოსთვის. პირველ რიგში, პრემიას იღებდნენ მუშები, ვინც უშუალოდ მუშაობდა და მერე ის ტრესტი, ის სამმართველო, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული ამ მშენებლობასთან. იმიტომ დავიწყე ეს საუბარი, რომ  ასეთი კითხვა მიჩნდება - რისთვის უნდა აიღოს პარლამენტარმა პრემია? - იმ შემთხვევაში, თუ შექმნა კანონპროექტი, რომელმაც გააუმჯობესა მოსახლეობის ყოფითი პირობები, თუ მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყანამ დიდი შემოსავალი მიიღო.

დღეს 150 ლარი აქვს პენსიონერს პენსია, როგორ შეიძლება მასზე 133-ჯერ მეტი ჰქონდეს ადამიანს ხელფასი? მაგალითად, დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელ სააგენტოში წლიური ხელფასი შეადგენს 250 000 ლარს.

 

პარალელები

- ქალბატონო ჟუჟუნა, როდესაც დღევანდელ სიტუაციაზე ისაუბრებთ, გთხოვთ გაავლოთ პარალელები, როგორც ''ვარდების'' ხელისუფლების, ისე თქვენი მუშაობის პერიოდთან.

- წინა საარჩევნო პერიოდში, ნინო ბურჯანაძეს პროგრამაში ჰქონდა შეტანილი, რომ პენსიები, ივნისიდან იანვრამდე, 25 ლარით უნდა გაზრდილიყო. ეს საქმე საჭიროებდა სულ 34 მილიონს. საუბარი იყო 230 000 ადამიანზე, ანუ თბილისზე. ამ პერიოდში 38 მილიონი ლარი პრემიები გაიცა . 2014 წელზეა საუბარი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა დიმიტრი დარასელმა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, ანუ მერაბიშვილის თავზე ტომარაჩამოცმულ გამოყვანაზეა  საუბარი, პრემიად 38 000 ლარი მიიღო. რა გააკეთა მან ქვეყნისთვის სასარგებლო, იმის ფასი, რომ ამხელა პრემია მიიღო? შეიძლება მერაბიშვილი დასაჯელი იყო და მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ არსებობს კანონიერი გზები. დარასელმა ჩაიდინა დანაშაული და მიიღო ამოდენა პრემია.

- თქვენ, როგორც ეკონომისტი, როგორ ფიქრობთ, საიდან შეიძლებოდა ამდენი თანხის მოტანა?

- როგორც თავად ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა, რა სოროსი, რის სოროსი, 2002 წლიდან მე ვაფინანსებდი ნაციონალურ მოძრაობასო, კიდევ აფინანსებდა ვიღაცეებს. ღმერთმა მისცეს, თავისია და რაც უნდა ის უქნას, მაგრამ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ისე ექცევა ქვეყნის ბიუჯეტს, თითქოს საკუთარი ჯიბე იყოს.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ხელისუფლებაში საკუთარი თანხისამოსაღებად'' მოვიდა?

- არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ როცა ბიუჯეტიდან ამოდენა პრემიებს გასცემენ, ეს ფული მე და სხვა პენსიონერებს გვაკლდება. თვითონ მივლინებებს და პრემიებს არ იკლებენ. მიშაც დადიოდა, ღრეობებს მართავდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუ კი ძვირადღირებულ სასტუმროში დახარჯავ ფულს? მიშამ იმდენი ირბინა, იმდენი იფრინა, საქართველოში აღარ უშვებენ. წინა კაცი უკანა კაცის ხიდია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ახალი მთავრობა.

- ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენი გამოცდილებიდან და თქვენი აზრით,ასევე  ჩვენი დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვის და რამდენი უნდა მიეცეს პრემია?

- პარლამენტი არის კანონშემოქმედი ორგანო. თუ შეიქმნება ისეთი კანონი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ან ტერიტორიულ მთლიანობას დაუბრუნებს ან სხვა სასარგებლო კანონს მიიღებს, რომელიც გაუბედურებულ ხალხს წაადგება, შეიძლება მიეცეს პრემია წელიწადში არაუმეტეს ხელფასის სამი თვის დანამატით. რა შექმნეს იმის ფასი, რასაც იღებენ? ჩვენთვის არაფერი, აი თავისთვის კი, მოიწყეს ცხოვრება, დაასაქმეს ნათესავები. ასეთ სიტუაციაში, როცა ხალხი გაუბედურებულია, პრემია არც ერთი თეთრი არ უნდა გაიცეს მაღალჩინოსნებზე.  ერთი სამუშაო ადგილი მაინც შექმნეს? რეიგანი იმიტომ კი არ უყვარდათ ამერიკაში, რომ ლამაზი ბიჭი იყო და მსახიობი, არამედ მან შექმნა 13 მილიონი სამუშაო ადგილი.  მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოში ექსპორტი მაღალი იყო, დღეს კი  ჩვენთვისაც  თითქმის არაფერი იწარმოება, რის გამოც მაღალ დონეზე ავიდა იმპორტი. საქართველოში დღემდე ერთი საწარმოც არ ამუშავებულა და ვინმე თუ ამიხსნის, რატომ იღებს ეს ხალხი პრემიებს? 2013 წლის იანვარში, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლება წესიერად ჩამოყალიბებული, დარიგდა უსაშველო პრემიები, რატომ? რა გააკეთეს ამის ფასი? რა მოასწრეს? 2011 წელს საწყალი პენსიონერები მიდიოდნენ და ივანიშვილის ფონდში რიცხავდნენ თითო თუ ორ-ორ ლარს, სოლიდარობის ნიშნად. მისთვის ეს არფერი იყო, მაგრამ ხალხმა გააკეთა ეს. ხომ შეიძლება, ის დაკარგული ანაბრები დაუბრუნონ ხალხს? - მიიღონ კანონი იმის შესახებ, რომ მოახდინონ იმ ადამიანების ქონების კონფისკაცია, რომლებმაც აღნიშნული თანხა მიითვისეს.

 

დაბერების უფლება ანუ - „მეფეს ხალხზე მეტად პინგვინი ეცოდება“!!!

- ქალბატონო ჟუჟუნა, მოდით, ახლა პენსიების საკითხზე გადავიდეთ, რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, განსხავებით ''ვარდების'' ხელისუფლებისგან?

- სასწაულები ხდება რა! - უჩა ნანუაშვილთან შეიქმნა დაბერების უფლება - ახალი კომპეტენცია უფლებათა შორის. ესეიგი, თუ მე ნანუაშვილი არ მომცემს უფლებას, მე ვერ დავბერდები. მე არ მიქნიან პირობებს, რომ ნორმალურად დავბერდე. დაბერების კომპეტენციის უფროსი არის ნათია ფირაშვილი. იგი ბრძანებს, რომ ხანდაზმულები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების ნაყოფიერი წლები ქვეყნის კეთილდღეობას შეალიეს, სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სიბერეში. სოსო ლობჟანიძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბრძანებს - ''რა დაგიგროვებიათ, რომ პენსიებს ითხოვთო? როგორც საქართველოში ითხოვენ პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდებაო. სახელმწიფო გაჭრიდათ საშემოსავლოს და ამას პენსიებთან არანაირი კავშირი არა აქვსო...'' როგორც მე გავიგე ასე ამბობს - თუ ჭკვიანად არ იქნებით, ერთ დღეს გამოვაცხადებთ, ეკონომიკა არ მუშაობს და რაც გაქვთ, იმასაც არ მოგცემთო. ამასწინათ, ერთ-ერთი მედია-საშუალებით საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა საჯაროდ განაცხადა, საპენსიო ფონდის დაგროვების დაწყებიდან 40 წლის შემდეგ შეუძლია ადამიანს უკუგება. ხოდა, თქვენ არაფერიც არ გაქვთ დაგროვებული და თუ ჭკვიანად არ იქნებით საერთოდ არ მოგცემთო. რომ გაძლევთ, ეს ჩვენი კეთილი ნებაა და თუ გინდათ, არ დაკარგოთ, ჭკვიანად იყავითო.
"იმ დაწყევლილ რუსეთში" - როგორც "ესენი" უწოდებენ, არსებობს სოლიდარობის ფონდი. მისი საშუალებით ახლანდელი თაობა ძველ თაობებს უხდიან პენსიას და იქ თანდათან  იზრდება პენსიები.

- თვითონ რამდენი აქვთ ამ დროს ხელფასი, თუ გაქვთ ინფორმაცია?
- არა, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, ოთხნიშნა ციფრს ქვემოთ რომ არ იქნება. ნათია ფირაშვილის სამსახური ახლახან გაიხსნა და რისთვის ეგ არვიცი, რისთვის უხდიან ამოდენა ხელფასს.

2004 წლის ანგარიშით, პენსიონერის კვებაზე არის გათვლილი 114 ლარი და დანარჩენ ყველაფერზე -34 ლარი. ამ 148 ლარიდან ერთი თეთრიც კი არ არის გათვლილი მედიკამენტებზე, როდესაც პენსიონერს, ყველაზე ცოტა, 70-80 ლარი სჭირდება  მედიკამენტებისთვის. პირადად მე ექიმმა 745 ლარის წამლები გამომიწერა. მართალია, ეს არ არის ერთი და ორი კვირის, ეს არის 3-4 თვის. უდიდესი მადლობა გამგეობას, რომელმაც 300 ლარი გამონახა და დამეხმარა...

- ქალბატონო ჟუჟუნა, ალბათ აღნიშნული 148 ლარი განსაზღვრული იყო იმ მხრივ, რომ მედიკამენტები უფასოდ უნდა ყოფილიყო?

- 15 000 ლარი გამოყოფილია უფასო ოპერაციებისთვის, მაგრამ არ დაიჯეროთ. ერთი ადამიანის მაგალითზე გეტყვით, თირკმელის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ხარჯთაღრიცხვა შედგა - 5810 ლარი. დაზღვევამ განუცხადა - მე დაგიფინანსებ მხოლოდ 2000 ლარსო. წამოვიდა გამგეობაში. გამგეობამ უთხრა - კარგი, მე შენ დაგიფინანსებ 1500 ლარს. დანარჩენი თვითონ უნდა ეშოვა. სად იშოვოს პენსიონერმა ამხელა თანხა?

- იმ თანხაში მედიკამენტები შედიოდა?

-  არა, მარტო ოპერაცია. მე ვაყენებდი ასეთ წინადადებას - 860 000 ადამიანიდან ოპერაცია ყველას ხომ არ სჭირდება? ზოგს ცოტა სჭირდება, ზოგს შედარებით მეტი. ხომ შეიძლება 15 000-ის ნაცვლად 14 000 იყოს და დარჩენილი 1000 ლარით წამლები მიეცეს პენსიონერებს?

- ქალბატონო ჟუჟუნა, ამის თაობაზე თუ განაცხადეთ შესაბამის ორგანოში?

- კი, როგორ არა, მაგრამ ვინ მისმენს? ყრუ ქვეყანა და ყრუ მთავრობაა - ამაზე სტრიქონები მახსენდება ცნობილი ლექსიდან: მახსენდება:

''ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება...''

ზვიგენი თუ რაღაც მოუკვდა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ქვეყანას კინაღამ შავები ჩააცვეს. სირცხვილია, ქვეყანას ჰყავდა თამაზ ჭილაძე და მიწაში ჩაჰყვეს მარკესს?

 

პენსიონერები აღარ სჭირდება?

- ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენი საუბრიდან  ასეთი სამწუხარო აზრი გამოვიტანე - ანუ ქვეყანას პენსიონერები აღარ სჭირდება?

-  წინა მოწვევის პარლამენტში იყო ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გოგუაძე. რადგან მეც გოგუაძე ვარ, მივედი, ვიფიქრე, იქნებ ჩემი შვილისთვის სამსახურის შოვნაში დამეხმაროს-მეთქი. ''პრობლემას სად ხედავთო. პრობლემა მხოლოდ ქართველების სიზარმაცეაო. საქართველოში ძალიან ბევრი პენსიონერი ხართო.  ვერაფერს გიშველითო...'' - უარით გამომისტუმრა დეპუტატმა.  მისი სიტყვებთ, თურმე,უსარგებლო ხალხი ვართ პენსიონერები....

გუგული მაღრაძე ამბობს, შვილებმა უნდა არჩინონ მშობლებიო. რომელმა შვილებმა, ქალბატონო გუგული? ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 80% ღარიბი და უქონელია. იმ 20%-ს აქვს საშუალება, არჩინოს მშობლები, მაგრამ დანარჩენმა რა ქნას?

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ სიღარიბის ზღვარიც მოგიხსნეს...

-  კი, 2006 წლიდან ვიყავი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 2010 წელს მომიხსნეს, იმიტომ რომ, გამათბობელი და ე.წ. „კალონკა მაქვს.“ ესე იგი, პენსიონერმა არც უნდა დაიბანოს, არც უნდა გათბეს. მოხუცებულს, პირველ რიგში, გათბობა და საჭმელი უნდა. ამის უფლება არ ჰქონია პენსიონერს. გადაცემაში ვნახე, თუ როგორ ცხოვრობენ პენსიონერები შვეიცარიაში. არ უნდათ შვილებთან ცხოვრება, უნდათ თავიანთი ასაკის ხალხთან ცხოვრება, ვისთანაც უფრო გამონახავენ საერთოს. ცხოვრობენ ბრწყინვალედ. პენსია აქვთ 874 დოლარი. ამასთან ერთად, უამავი შეღავათიც სახელმწიფოსგან.

- დღეს ჩვენთან პროდუქტი უფრო გაძვირდა, დოლარის კურსი ავარდა, თქვენ ელოდებით სექტემბერს, რომ 10 ლარი დაგიმატონ პენსიაზე, ეს 10 ლარი რაიმე შეღავათს მოგცემთ?
- თვეში ჯანმრთელ ადამიანს  2500 კილოკალორია სჭირდება, ჩვენს პირობებში 1000 კილოკალორია 80 ლარი ჯდება. ესე იგი, 200 ლარი მთლიანად გრხარჯება მხოლოდ კვებაზე. დღიურადაც მაქვს ნააგარიშები, დღეში ადამიანს დაახლოებით 8 ლარი ჭირდება . სხვა რაიმეც ხომ უნდა ადამიანს დღის მანძილზე?

- და ბოლოს, თქვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით, რამდენი უნდა იყოს საპენსიო ლიმიტი?

- სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ პენსია უნდა იყოს მინიმუმ, ელემენტარული არსებობისთვის, 350-370 ლარი თვეში. გათვალისწინებული უნდა იქნას ლარის კურსის ცვალებადობა. მახსენდება ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. თქვა - „ჩემმა შვილმა უტამ მითხრა, მამა შენ უნდა წახვიდე პოლიტიკაში და საქართველო უნდა იხსნა, ქართველი ხალხი შენ უნდა გადაარჩინო. შენ თუ არ წახვალ, მე წავალ და მე უნდა გადავარჩინო ქართველებიო.“ - ახლა რომ არ გადაგვარჩინა და სულში ჩაგვაფურთხა, არ რცხვენია თავისი შვილის?

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, თბილისის ზღვაზე შენდება ე.წ. ჩინელების ქალაქი. ნუთუ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ხელშეკრულება გაუფორმოს ინვესტორებს და თავისი ინტერესები ჩადოს?

 ბანკი - მოწილე

 - ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენ პენსიას იღებთ ''ლიბერთი ბანკში'', ისევე როგორც ყველა სხვა პენსიონერი. აქ გაძლევენ საშუალებას, აიღოთ სესხი თქვენივე პენსიიდან. თქვენ ამბობთ, რომ აქაც ირღვევა თქვენი უფლებები...

- ესე იგი, თუ მე ავიღე 18-თვიანი სესხი, ვკარგავ 450 ლარს, 36-თვიანზე - ვკარგავ 765 ლარს. ბანკი თავისი სახსრებით გაძლევს სესხს და თავს იზღვევს, იქნება და, ვკვდები, მას უკვე წინასწარ აქვს პროცენტი აღებული. გამოაცხადოს სახელმწიფომ ტენდერი და ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს ხალხს, მას მისცენ პენსიების გაცემის უფლება. ეს ყველაფერი მიდის სახელმწიფოს სთავეში მდგომი ადამანების ჯიბეში. ჩემი და სოფელშია და რამოდენიმე თვე ვერ მოახერხა პენსიის აღება. აუმრავი წვალება დასჭირდა იმიათვის, რომ პენსია აეღო. უთხრეს, თქვენ უნდა მოსულიყავით და გაგეცხადებინათ, ეგება ცოცხალი აღარ იყავითო!..

 

დასასრულის ნაცვლად...

დიახ, დასასრულის ნაცვლად, რამეთუ ამ ამბის ასე დამთავრება არ გამოვა. საკმაოდ ბევრი საინტერესო და დასაფიქრებელი ფაქტი გამოჩნდა.

PKTV  იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით !